მთავარი » 2013 მარტი 5 » 10 უდიდესი კატასტროფა, რომელიც დედამიწას მომავალში ემუქრება
2:21 PM 10 უდიდესი კატასტროფა, რომელიც დედამიწას მომავალში ემუქრება | |
1. ახალი ოკეანე (~10 მილიონ წელიწადში) პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი, ეთიოპიასა და ერითრეას შორის მდებარე აფარის დეპრესია, ზღვის დონიდან საშუალოდ 100 მეტრით ქვემოთ მდებარეობს. ზედაპირსა და ცხელ მოჩუხჩუხე მაგმას შორის 20 კმ-ია და ტექტონიკური ძვრების შედეგად ხმელეთი თანდათან თხელდება. ვულკანების, გეიზერების, მიწისძვრებისა და ტოქსიკური სუპერცხელი წყლის ნაკადების ერთობლიობა აფარის დეპრესიას ნამდვილად არ აძლევს კურორტის შესახედაობას. მაგრამ გაივლის 10 მილიონი წელი და გეოლოგიური აქტიურობა შეჩერდება, რეგიონი კი მშრალ აუზად იქცევა, რომელიც თანდათან დაიწყებს ავსებას და ჩამოყალიბდება ახალ ოკეანედ. 2. დიდი შეჯახება (~100 მილიონ წელიწადში) გამომდინარე დედამიწის აქტიური წარსულიდან და კოსმოსში მოფარფატე მრავალი ქვის სხეულისგან, რომლებიც დაუნდობლად ბომბავენ პლანეტებს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მომავალ 100 მილიონ წელიწადში დედამიწას კიდევ ერთხელ მოუწევს ისეთი მოვლენის გადატანა, როგორიც იყო ცარცულ-პალეოგენური გადაშენება 65 მილიონი წლის წინ. ეს, ცხადია, ცუდი სიახლეა დედამიწაზე მობინადრე ყველა ცოცხალი არსებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სახეობების გარკვეული ნაწილი აუცილებლად გადარჩება, დიდი შეჯახება სავარაუდოდ გამოიწვევს ძუძუმწოვრების ეპოქის დასრულებას. ვინ იცის, სიცოცხლის როგორი ფორმები დაიპყრობენ თითქმის უკაცრიელ დედამიწას? გამორიცხული არაა, ოდესღაც პლანეტას ადამიანივით ჭკვიანი ამფიბიები ან უხერხემლო ცხოველები მოევლინონ. 3. პანგეა ულტიმა (~250 მილიონ წელიწადში) 50 მილიონი წლის განმავლობაში აფრიკა, რომელიც ბოლო 40 მილიონი წელია, ჩრდილოეთისკენ მიიწევს, სამხრეთ ევროპას შეუერთდება. შემდეგი 100 მილიონი წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვა ხმელეთით გადაიფარება და შესაბამისად მივიღებთ ათასობით კილომეტრი სიგრძის მთიან რეგიონს, რომელიც ალბათ მთელი მსოფლიოს ალპინისტებისთვის თავშეყრის ადგილად იქცევა. ავსტრალია და ანტარქტიდა მოინდომებენ ახალ სუპერკონტინენტთან გაერთიანებას და ჩრდილოეთით გადანაცვლებას დაიწყებენ, რათა აზიას შეერწყან. რაც შეეხება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ისინი დასავლეთისკენ, აზიასთან გასაერთიანებლად აიღებენ გეზს. რა იქნება ამის შემდგომ, კამათის საგანია. მიიჩნევა, რომ ატლანტის ოკეანის ზრდასთან ერთად დასავლეთის საზღვარზე შეიქმნება სუბდუქციური ზონა, რაც გავლენას მოახდენს ამერიკის კონტინენტების კურსზე და მიმართულებას შეუცვლის მათ. 250 მილიონ წელიწადში ისინი ახალშობილი აფრიკულ-ევრაზიული სუპერკონტინენტის დასავლეთ მხარეს აღმოჩნდებიან, ევროპისა და აფრიკის გვერდით, ხოლო ატლანტის ოკეანე გაქრება. თუკი ეს სცენარი არ გამართლდა, ორი კონტინენტი მშვიდად განაგრძობს დასავლეთისკენ ცურვას და ადრე თუ გვიან აზიას შეერწყმებიან. ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ ჰიპერკონტინენტ პანგეა ულტიმას, რაც მისი წინამორბედისგან, პანგეასგან, 500 მილიონი წლის შემდეგ მოხდება. ამის შემდეგ ის სავარაუდოდ კიდევ გაიყოფა და დაიწყება კონტინენტების დრიფტისა და შემდგომ გაერთიანების მომდევნო ციკლი. 4. გამა სხივების აფეთქება (~600 მილიონ წელიწადში) თუკი ყოველ რამდენიმე ასეულ მილიონ წელიწადში მომხდარი დიდი შეჯახებები არც ისე საშიშად ჟღერს, წარმოგიდგენთ კიდევ ერთ საშიშროებას, რომელთან გამკლავებაც წილად ხვდა დედამიწას. გამა სხივების აფეთქება ეწოდება იმ მოვლენას, როცა პლანეტას თავს ესხმის ულტრამაღალი ენერგიის მქონე რადიაცია, რომელიც, როგორც წესი, ჰიპერნოვადან წარმოიშობა. მართალია, სუსტი გამა სხივებით ყოველდღე ვიბომბებით, მაგრამ 6500 სინათლის წლის მოშორებით მდებარე სისტემაში მომხდარი აფეთქებიდან მომავალ ტალღას აქვს იმის პოტენციალი, სრულად ააოხროს ყველაფერი, რაც გზაში შეხვდება. დედამიწას რამდენიმე წუთის ან შეიძლება წამის განმავლობაში თავს დაატყდება იმხელა ენერგია, რომელსაც მზე ვერასდროს გამოიმუშავებს მისი არსებობის მანძილზე. ასეთი კატასტროფა ოზონის შრის დიდ ნაწილს მოსპობს, გამოიწვევს კლიმატის რადიკალურ ცვლილებასა და სერიოზულ ეკოლოგიურ ზარალს, მათ შორის მასიურ გადაშენებებსაც. მიიჩნევა, რომ გამა სხივების აფეთქებამ გამოიწვია დედამიწის ისტორიაში მეორე უდიდესი გადაშენება – ორდოვიკულ-სილურული მოვლენა 450 მილიონი წლის წინ, რამაც იმდროინდელი ცოცხალი არსებების 60% გაანადგურა. როგორც მრავალი ასტრონომიული მოვლენის შემთხვევაში ხდება, გამა სხივების აფეთქების ზუსტი თარიღის დადგენა რთულია. როგორც წესი, მას 0.5-2 მილიარდი წლის ფარგლებში განიხილავენ, თუმცა შეიძლება რამდენიმე მილიონ წელშიც მოხდეს. 5. დაუსახლებლობა (~1.5 მილიარდ წელიწადში) ზომაში ზრდასთან ერთად მზეს ტემპერატურაც მოემატება, რის გამოც მის დასახლებად ზონაში დედამიწა აღარ იქნება. ამ დროისთვის პლანეტაზე გადაშენებული იქნება ცოცხალ არსებათა დიდი ნაწილი და მხოლოდ უკიდურესად გამძლეები იქნებიან შემორჩენილი. ოკეანეები დაშრებიან, მათ ადგილზე დარჩება მხურვალე მარილით დაფარული ვრცელი უდაბნოები. დროის გასვლასთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად დედამიწამ შეიძლება ვენერას ბედი გაიზიაროს და გადაიქცეს ტოქსიკურ უნაყოფო მიწად, რადგან მომწამლავი მეტალების უმეტესობა დუღილის მდგომარეობაში იქნება. საბედნიეროდ ამ პერიოდში მარსი დასახლებისთვის ხელსაყრელ ზონაში იქნება, რაც ახალი თავშესაფარი გახდება გადარჩენილი ადამიანებისთვის. 6. მაგნიტური ველის გაქრობა (~2.5 მილიარდ წელიწადში) დედამიწის ბირთვის შესახებ არსებული ამჟამინდელი ინფორმაციიდან გამომდინარე მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ 2.5 მილიარდ წელიწადში ბირთვის გარე ნაწილი თხევადი აღარ იქნება, არამედ გაიყინება და მყარ მდგომარეობაში გადავა. ბირთვის გაგრილებასთან ერთად დედამიწის მაგნიტური ველი ნელ-ნელა დასუსტდება, საბოლოოდ კი არსებობას შეწყვეტს. მზის ქარებისგან დამცავი მაგნიტური ველის გარეშე ატმოსფეროს თანდათან შემოეცლება მსუბუქი კომპონენტები, როგორიცაა ოზონი, და მისგან მხოლოდ ფრაგმენტებიღა დარჩება. ვენერას მსგავსი ატმოსფეროს მქონე უნაყოფო დედამიწა სრულად შეიგრძნობს მზის რადიაციის მავნე გავლენას, რაც დასახლებისთვის ისედაც უვარგის გარემოს უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს. 7. მზის სისტემის შიდა კატასტროფა (~3.5 მილიარდ წელიწადში) არსებობს პატარა, მაგრამ ყურადსაღები ალბათობა, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 3 მილიარდ წელიწადში მერკურის ორბიტა იმდენად გაფართოვდება, რომ ვენერას გზას გადაკვეთს. ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტად განვსაზღვროთ, ამას რა შედეგი მოჰყვება. ყველაზე ოპტიმალური სცენარით, მერკურს უბრალოდ მზე შთანთქავს ან განადგურდება ვენერასთან შეჯახების შედეგად. ხოლო ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, დედამიწა შეიძლება შეეჯახოს ნებისმიერ არა-აირად პლანეტას, რომელთა ორბიტები რადიკალურად იქნება შეცვლილი მერკურის რღვევების გამო. თუკი მზის სისტემა როგორღაც ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩება, 5 მილიარდ წელიწადში მარსის ობიტა დედამიწისას გადაკვეთს, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სერიოზული კატასტროფის მოსახდენად. 8. ახალი ღამის ცა (~4 მილიარდ წელიწადში) დროის გასვლასთან ერთად დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერ არსებას შეეძლება დააკვირდეს, როგორ იზრდება ღამის ცაზე ანდრომედას გალაქტიკა. მართლაც მიმზიდველი სანახაობაა, როცა სრულყოფილი სპირალური გალაქტიკა მთელი ავლადიდებით წარმოჩინდება და ცაზე იბრწყინებს, მაგრამ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. მალე ის დამახინჯდება, რადგან ჩვენს გალაქტიკასთან, „ირმის ნახტომთან” დაიწყებს გაერთიანებას, სტაბილურ ვარსკვლავურ რეგიონებს კი ქაოსი მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიული სხეულების პირდაპირი შეჯახების ალბათობა დაბალია, არაა გამორიცხული, რომ მზის სისტემა გამოიტყორცნოს და სამყაროს წიაღში ამოყოს თავი. სამაგიეროდ ღამის ცას, დროებით მაინც, ტრილიონობით ახალი ვარსკვლავი დაამშვენებს. 9. ნამსხვრევების რგოლი (~5 მილიარდ წელიწადში) მიუხედავად იმისა, რომ მთვარე ყოველ წელიწადში 4 სმ-ით გვშორდება, ამ ტენდენციას სავარაუდოდ შეწყვეტს იმ პერიოდიდან, როცა მზე წითელი გიგანტის ფაზაში შევა. ზომაში გაზრდილი დედა-ვარსკვლავისგან მომავალი დამატებითი ძალები გამოიწვევს მთვარის უკან, დედამიწისკენ დაბრუნებას. როგორც კი ის როშის ზღვარს გამოცდება, მაშინვე დაშლას დაიწყებს. ამის შემდეგ მიღებული ნამსხვრევებისგან შეიძლება დედამიწის გარშემო რგოლი ჩამოყალიბდეს და საკმაოდ სასიამოვნო ჰორიზონტს შექმნის, მილიონობით წლების შემდეგ კი დედამიწაზე ცვენას დაიწყებს. თუკი ეს არ მოხდება, არსებობს მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც მთვარე თავისი მშობლის წიაღში ჩაყვინთავს. თუკი მთვარე და დედამიწა გააგრძელებენ ჩვეულებრივ თანაარსებობას ისე, რომ მათი ორბიტები არ გადაიკვეთოს, 50 მილიარდ წელიწადში ბუნების ძალების გავლენით დედამიწა თავის თანამგზავრთან უფრო დაახლოვდება. მთვარის ორბიტალური სიმაღლე შემცირებას დაიწყებს, დედამიწის ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარე კი – სწრაფ ზრდას. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ მთვარე მიაღწევს როშის ზღვარს და დაიშლება, რის შემდეგაც ანალოგიურად ნამსხვრევების რგოლი შეიქმნება. 10. განადგურება (თარიღი უცნობია) საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მომავალ რამდენიმე (ან რამდენიმე ათეულ) მილიარდ წელიწადში დედამიწა განადგურდება. არა აქვს მნიშვნელობა, მოხეტიალე პლანეტის შეჯახება იქნება ამის მიზეზი თუ მზის სიკვდილი, ყველა ვარიანტში ეს ცუდი ამბავი იქნება იმ პერიოდის ადამიანებისთვის, რადგან სამუდამოდ დაკარგავენ სამშობლოს. თუკი დავიტოვებთ იმის იმედს, რომ დედამიწა არ გაიზიარებს ასეთ სასტიკ ბედს და მის ნაწილებს არ მოუწევს სამყაროს ცივ სიღრმეებში ხეტიალი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 10 დუოდეცილიონ (10^39) წელიწადში ის შავი ხვრელების ლუკმა გახდება, ასე რომ ჩვენი პლანეტა სამუდამოდ მაინც ვერ იარსებებს
მიმაგრება: | |
|
სულ კომენტარები: 0 | |
კატეგორია
ჩვენ Facebook-ზე
ტოპ ავტორები
toko ID: 1 სქესი: კაცი რეპუტაცია: 9 რანგი: გენერალისიმუსი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 922 29 9 0 |
gio ID: 5 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 60 26 0 0 |
ako ID: 4 სქესი: კაცი რეპუტაცია: 0 რანგი: გენერალ-ლეიტენანტი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 53 1 0 0 |
jula12 ID: 2 სქესი: ქალი რეპუტაცია: 4 რანგი: გენერალ-მაიორი | სიახლე: კომენტარი: რეიტინგი: პოსტები: | 23 0 4 0 |
გამოკითხვა
ჩატი
სტატისტიკა